ლგბტქ თემის წარმომადგენლები დღეს დემონსტრაციას არ გეგმავენ
ლგბტქ თემის წარმომადგენლები დღეს დემონსტრაციას არ გეგმავენ

ლგბტქ თემის წარმომადგენლები დღეს დემონსტრაციას არ გეგმავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა, ლგბტქ აქტივისტმა მარიამ კვარაცხელიამ განაცხადა.

„ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საქართველოში აღნიშვნა 2012 და 2013 წელს ვცადეთ და ეს მოვლენები ძალადობრივად დასრულდა. 2014 წლიდან საპატრიარქომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა. ამის შემდეგ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქალაქის ცენტრალური გამზირები ათასობით ადამიანით ოკუპირებულია. ლგბტქ ორგანიზაციები და სხვადასხვა ჯგუფები რისკებისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აქციისა და დემონსტრაციის 17 მაისს ჩატარებას თავს არიდებენ.

გასული წლების მოვლენები, როდესაც ლგბტქ ადამიანების მიერ სივრცის დაკავება ვერ ხერხდება, კარგად აჩვენებს იმ სისტემურ ჩაგვრას, რისი მსხვერპლიც ეს ადამიანები არიან. ლგბტქ თემი ერთადერთი ჯგუფია, ვინც ისე დემონიზებული და მარგინალიზებულია, რომ ქუჩაში არ გაესვლება. დღეს აქცია-დემონსტრაციები ლგბტქ ადამიანების მიერ დაგეგმილი არ არის, არსებული პოლიტიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე“, – აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

მისი თქმით, მხოლოდ სიმბოლური პარტიზანული აქციები იგეგმება.

„დღეს უკვე იყო ერთი აქცია, ორბელიანის მოედანზე ლგბტქ დროშა გადმოფინეს და რამდენიმე ადგილზე სტიკერები გაიკრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლგბტქ აქტივისტების წელს 2019 მსვლელობის მოწყობას ივნისში გეგმავს, სახელწოდებით „ღირსების მარში“. ეს მსვლელობა სხვა ღონისძიებებთან ერთად „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში იქნება.

„ღირსების მარშში“ მონაწილეობას ლგბტქ ადამიანები და მათი მხარდამჭერები მიიღებენ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები და თანასწორობა მნიშვნელოვანია. ჩვენ მსვლელობას აუცილებლად ჩავატარებთ. ამისთვის მზად ვართ და სახელმწიფო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვალდებულია, თითოეული მოქალაქე დაიცვას. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალების გასაზიარებლად ვხვდებით, რომ პროცესი კოორდინირებული იყოს და პროცესმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩაიაროს. რაც შეეხება მუქარებს, ხელისუფლებისთვის კარგი შანსი სწორედ ახლა არის, რომ ძალიან მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს ასეთ ჯგუფებს, რომ ისინი მარგინალური და ძალადობრივი ჯგუფები არიან და ისინი ვერ შეძლებენ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს საფრთხე შეუქმნან“, – აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

მისივე თქმით, „ღირსების მარშს“ ივნისში საზეიმო ფორმა არ ექნება. ხოლო, კონკრეტულად, სად ჩატარდება მარში, ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.