„ლევანტეს“ დირექტორი - საქართველოში ჩვენი სახელის გაძლიერება, აღიარება და პოზიციონირება გვსურს #1TVSPORT
ესპანური კლუბი „ლევანტე“ საქართველოში დაანონსებული საზაფხულო ბანაკის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომლის ჩატარებაც ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მონაწილეობით გადაწყდა.
„ლევანტეს“ საერთაშორისო საქმეთა დირექტორი დანიელ პასტორი, ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერ ხავი დე ლა ოზასთან ერთად, ხაზს უსვამს იმ სამუშაოს, რომელსაც „ლევანტე“ მთელს მსოფლიოში ატარებს.
„ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ქოჩორაშვილის საქართველოს ნაკრებში გამოსვლამ დიდი გავლენა იქონია მის ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრებზე, რომლებმაც, თავიანთი ფეხბურთელის შესახებ მეტის გაგების სურვილით, „ლევანტეს“ ახლოს გაცნობა დაიწყეს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენს სოციალურ ქსელში ქოჩორაშვილი ხუმრობდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის სოციალური მედიის კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხავი დე ლა ოსას რამდენიმე ინტერვიუ ჩამოართვეს. თავად ქოჩორაშვილმა კი აჩვენა, როგორია ქართული სამზარეულო, ტრადიციები და კულტურა“, – წერია „ლევანტეს“ განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით დანიელ პასტორი საუბრობს: „ვაპირებთ ე.წ. „სავარჯიშო ბანაკის“ მოწყობას, რათა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები აღმოვაჩინოთ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, „ლევანტეს“ მწვრთნელების მეთვალყურეობით თავიანთი უნარები წარმოაჩინონ. ჩვენი მიზანია, იმ საგანმანათლებლო და სასწავლო გამოცდილების მიწოდება, რომელიც „ლევანტეს“ ღირებულებებსა და მეთოდოლოგიას ასახავს. ასევე, მიზნად ვისახავთ ქართულ ბაზარზე „ლევანტეს“ სახელის გაძლიერებას, აღიარებასა და პოზიციონირებას.
მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება და ამ ყველაფრის გაშუქება, რითიც გაიზრდება და გაძლიერდება ჩვენი საგარეო ურთიერთობები“, – ამბობს „ლევანტეს“ საერთაშორისო საქმეთა დირექტორი დანიელ პასტორი.