ლევანდოვსკი - გვარდიოლამ მასწავლა, ფეხბურთისთვის სულ სხვა თვალით შემეხედა #1TVSPORT
„ბაიერნის“ ლიდერმა და თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.
„გვარდიოლამ მასწავლა, ფეხბურთისთვის სულ სხვა თვალით შემეხედა, – მოჰყავს „მარკას“ ლევანდოვსკის სიტყვები. მან მასწავლა, დამენახა და გამეგო მოძრაობა, ტაქტიკა. გვარდიოლასთან მუშაობის შემდეგ ფეხბურთს სხვაგვარად ვიაზრებ, იმიტომ რომ განსხვავებული კუთხიდან ვუყურებ.
ვაცნობიერებ, ვინ შეცდა, ვინ ითამაშა კარგად და ეს მეხმარება, მოწინააღმდეგეზე ერთი ნბიჯით წინ ვიყო. მჭიდრო ურთიერთობ გვქონდა, ის საფეხბურთო ტაქტიკას ხშირად განმიმარტავდა და მეუბნებოდა – „მე ვერ შევძლებ გაგხადო უფრო კარგი ფორვარდი, რადგან უკვე ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ შემიძლია, რომ პარტნიორებმა ხშირად და ზუსტ დროს მოგცენ ბურთის საჯარიმოში, შემდეგ კი თავადაც კარგად იცი, რა უნდა გააკეთო“.
გვარდიოლა „ბაიერნს“ 2013-2016 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა სამჯერ იზეიმეს გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი კი ორჯერ მოიპოვეს.