ლევან ზურაბაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პროტესტის ამ ფორმამდე სოციალურმა პრობლემებმა მიიყვანა
ლევან ზურაბაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პროტესტის ამ ფორმამდე სოციალურმა პრობლემებმა მიიყვანა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის დედამ მოსამართლის გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში გააპროტესტა. ლამარა ტერალაძის განცხადებით, მის შვილს სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა.  ის თვლის, რომ მისი შვილის მიმართ სასამართლო საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა.

ლამარა ტერალაძემ მედიასთან განმარტა, რომ მისი შვილი პროტესტის ამ ფორმამდე სოციალურმა პრობლემებმა მიიყვანა.

„არ ვიცი, თქვენ შეიძლება კარგად ცხოვრობთ, მაგრამ მე სადაც ვცხოვრობ, გაჭირვებული ხალხია. მასწავლებელი ვარ, გაღატაკებულ-გაუბედურებულ ხალხს ვხედავ. ჩემი შვილიც ამას ხედავდა. სულ ვეუბნებოდი – დედა, შენ ხომ არ ხარ პირველი მერცხალი, გამოჩნდება ვინმე, ვინც მიხედავს მეთქი ამ პრობლემებს. მოსამართლემ არაფერი არ გაითვალისწინა. არაფერი საერთოდ. გირაოს თხოვნა გვქონდა. ნამდვილად, სადღაც, გულის კუნჭულში ალბათ, ფიქრობს ლევანი, რომ ამ მეთოდით არ უნდა წამოეყენებინა ეს მოთხოვნები“,- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.