ლევან ყენია მოთამაშეთა პრობლემებზე საუბრობს - იშოვის ცოტა ფულს, ევროპას ნახავს, რამდენიმე თამაშს ჩაატარებს და კმაყოფილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ლევან ყენიამ, რომელიც ამჟამად გერმანიის რანგით მე-4 ლიგის გუნდ „იურდინგენში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ქართველი ფეხბურთელების პრობლემებზე ისაუბრა.
„ბოლოს საქართველოში „საბურთალოში“ ვთამაშობდი და ჩემი აზრით, ახალგაზრდების ნაწილს ცოტა ზერელე მიდგომა ჰქონდა. ადგილი გარანტირებული მაქვს, ნიჭიერი ვარ და მაინც ვთამაშობ. ამიტომ არ მჭიდება, რომ ბოლომდე დავიხარჯო და მინუსებზე ვიმუშავო. ცალკე პრობლემა ისაა, რომ გუნდშიც არ გეუბნებიან, რა მინუსები გაქვს და რა უნდა გამოასწორო.
სისტემა არ გვაქვს აწყობილი. ამიტომ გვინდა მაღალი დონის ლეგიონერები, რომლის გვერდითაც ახალგაზრდა ისწავლის, როგორ უნდა გაიზარდოს, მოემზადოს და ივარჯიშოს. ამის გამოა, ევროპაში მოდიან, 6 თვე თამაშობენ და მერე უჭირთ. დისციპლინის პრობლემაც იჩენს თავს.
ქართული მენტალიტეტი? თუ დიდი ფეხბურთის თამაში გინდა, საკუთარ თავს უნდა დააძალო, მაქსიმუმი მოსთხოვო. ზოგიერთი, იშოვის ცოტა ფულს, ევროპას ნახავს, რამდენიმე თამაშს ჩაატარებს და ამოცანა ამოწურულია. კმაყოფილდება.
ამასობაში, გამოდის რონალდო და ყოველ კვირას გატანა ისე უხარია, როგორც პირველი გოლისას. არიან, ფეხბურთელები, რომლებიც პატარა მიღწევით კმაყოფილდებიან, არიან ისეთები – რომლებიც ვერ კმაყოფილდებიან.
საქართველოში დიდი კონკურენცია არ გვაქვს და თაობაში 3-4 ძლიერი ფეხბურთელი მოდის. გერმანიაში კი 100-200 ძლიერი მოთამაშე მოდის და მათგან ის რჩება, ვისაც მეტი მონდომება აქვს. ჩვენი 3-4 ფეხბურთელიდან ერთი დაკამყოფილდება, მეორე ტრავმას მიიღებს და… ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა“.