ლევან ყენია - ბელარუსამდე ფეხბურთელებს დაძაბულობა უნდა მოვუხსნათ
ლევან ყენია - ბელარუსამდე ფეხბურთელებს დაძაბულობა უნდა მოვუხსნათ

„საბურთალოს“ გამოცდილმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ განვლილ და მოახლოებულ სეზონებზე ილაპარაკა.

„ძალიან რთული და დამღლელი სეზონი იყო. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად დაიწყო – ორ წრეზე მეტი ვლიდერობდით ჩემპიონატს, შემდეგ ძალიან მაღალი დონის მატჩი ვითამაშეთ მოლდოვის ჩემპიონ „შერიფთან” და შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არ იყო. ზაგრების „დინამოსთან“ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, თუმცა თავი არ შეგვირცხვენია. ხორვატებს ორივე მატჩში ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. მაგრამ დიდი დარტყმა მივიღეთ სომხებთან, როგორც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, ასევე ხელმძღვანელებმა. „არარატ-არმენიასთან“ მარცხის შემდეგ, გაგვიჭირდა ძალების მობილიზება, რამაც რამდენიმე დაუგეგმავი ქულები დაგვაკარგვინა.

ვერ ვიტყვი, რომ სხვა კლუბებმა გვაჯობეს და ამიტომ ვერ შევძელით ჩემპიონობა, უბრალოდ ჩვენ დიდი დარტყმიდან გამოსვლა დროულად ვერ მოვახერხეთ. საზომი ყოველთვის ევროტურნირებია. გუნდის წარმატება-წარუმატებლობა საერთაშორისო თამაშებით ფასდება. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვნახეთ, რომ რამდენიმე ეტაპის დაძლევა შესაძლებელია, მთავარია ძალები ვირწმუნოთ“ – ამბობს ლევან ყენია.

მისი აზრით, ეროვნული ლიგა ნელი ნაბიჯებით, თუმცა წინ მიიწევს: „მეტი ფინანსებია მოსაძიებელი, შემდეგ ეს ფული სწორად არის გადასანაწილებელი. კარგია, რომ რეგიონებში სტადიონები კეთდება, ეს ფეხბურთს აუცილებლად წაადგება. თუმცა, რაც შეიძლება ბევრი მოედანი უნდა გვქონდეს. ჩემპიონატი შუქდება, ინტერნეტში თამაშებს მეტი და მეტი ადამიანი უყურებს, მაგრამ გულშემატკივარი სტადიონზე უნდა მივიზიდოთ“.

მან კომენტარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გააკეთა, რომლის შემადგენლობაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია. „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის ნახევარფინალში 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებენ. ყენიას თქმით, მთავარია ფეხბურთელებმა ზედმეტი წნეხი არ იგრძნონ: “საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსი არასდროს ჰქონია. ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია. თუმცა, ეს ფაქტი ტვირთად არ უნდა დააწვეთ ფეხბურთელებს, რადგან ასეთ დროს წარმატების მიღწევა რთული იქნება – მათ დაძაბულობა უნდა მოვუხსნათ, თავისუფლად რომ ითამაშონ. ისეთი მიდგომა, რომ „აუცილებლად უნდა გავიდეთ”, ან „უკვე გასულები ვართ”, დამღუპველი იქნება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება. იმედია, მოახლოებულ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით. დიდი პლუსია, რომ ამხელა მნიშვნელობის შეხვედრას შინაურ კედლებში ვითამაშებთ“.