ლევან ვასაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება
ლევან ვასაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა, რომელიც მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ვასაძის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მათი მოქმედების გეგმა იქნება სრულიად მშვიდობიანი, ცივილიზებული და ლეგიტიმური.

„მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დასაწყისისთვის შევქმნათ ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც დავარქვით „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი აბრევიაცია შემთხვევითი არ არის, რომ არის ერი. ერი არ არის ვიწრო ეთნიკური ცნება, ის მოიცავს თავის თავში ყველა იმ ეროვნებას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ჩვენი მოქალაქეებისა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე, უყვარს ჩვენი ქვეყანა და არის ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი. დიდი ალბათობით, მე როდესაც გადავხედე ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლანდშაფტს, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება მომავალში პოლიტიკური პარტიად, როგორც კი ამის საჭიროება იქნება.

ყველანაირად გვინდა და ვაპირებთ, მოუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მითქვამს, ერისთვის და ქვეყნისთვის მტრულად მიმაჩნია ეს ლიბერალური სისტემა, რომელიც ჩვენს ერს ანადგურებს, ვიყავით ხუთნახევარი მილიონი, დავრჩით სამნახევარი და ასე შემდეგ, აღარ დავიწყებ ყველაფრის ჩამოთვლას. მაინც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი და ყველას ჩემს თანამოაზრეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვიყოთ ამ უსამართლო სისტემის ლეგიტიმურ ჩარჩოებში, ამიტომ ჩვენი მოქმედების გეგმა არის სრულიად მშვიდობიანი, ცივილიზებული და ლეგიტიმური“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.