ლევან ვასაძე - მოვედით შსს-სთან, რათა არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშფანდური
ლევან ვასაძე - მოვედით შსს-სთან, რათა არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშფანდური

მოვედით შსს-სთან, რათა არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშფანდური, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ „ღირსების მარში“ გაიმართა.

ადგილზე მარშის მონაწილეები უკვე აღარ იმყოფებიან, რადგან მათ შეატყობინეს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აპირებდნენ მისვლას.

„ფიზიკის კანონიდან გამომდინარე შეუძლებელია, ადამიანები ერთდროულად ყველგან იყვნენ. რა თქმა უნდა, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ, იქ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და გაიქცნენ. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რისთვისაც ვიმყოფებოდით რუსთაველზე, არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშფანდური. ფიზიკურად ყველგან რომ ვიყოთ, შეუძლებელია ყველგან ვიყოთ. წავალთ რუსთაველზე, არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც მოითხოვს ქვეყნის დეოკუპაციას, მათ შორის რუსეთისგან. მიგვაჩნია, რომ დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან, ისე გლობალისტური მხრიდან, დასრულდება. მე მოსახლეობის 96 პროცენტს ვეკუთვნი, რომელსაც მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს. ეს იყო ერთობლივი „ნაცქოცების“ პროვოკაცია, რომელიც მოგვიწყვეს და ყველა, ვინც აქ მონაწილეობდა, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მიმართვაში მკაცრად გავაკრიტიკე ხელისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ ვინც ეს პროვოკაცია დაუშვა და მერე ის, ვინც საზარბაზნე ხორცად გამოიყენა ახალგაზრდობა, ყველა უნდა დაისაჯოს. გამოძიება თუ დაადგენს, რომ გახარიამ დაარღვია კანონი, ისიც უნდა გადადგეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.