ლევან ვასაძე - მე არ მოვსულვარ ფუჭი დაპირებებისთვის, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში
ლევან ვასაძე - მე არ მოვსულვარ ფუჭი დაპირებებისთვის, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში

მე არ მოვსულვარ აქ, რომ ფუჭი დაპირებები გავცე, მოგატყუოთ დაპირებებში, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, რაც ყველაზე მეტად არ მინდა, ჩვენ ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში, – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას.

ვასაძის თქმით, მტკიცედ სწამს, ქართველი ხალხის მხარდაჭერით შეძლებენ, გაარღვიონ მოჯადოებული წრე, რომელზეც საქართველო 30 წელია, მოძრაობს.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი სალხის მხარდაჭერით შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში.

მე დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი, ია ვარდით მოფენილი, ჩვენ წინ გველოდება ბევრი ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შევძლებთ, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობს საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში.

მე არ მოვსულვარ დღეს აქ იმისთვის, რომ, სამწუხაროდ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ქვეყნის უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, მორიგი რაღაც ფუჭი დაპირებები გავცე, გითხრათ, ჩვენ აგვირჩიეთ და ერთი ჯოხის აქნევით, გავა ერთი, ორი, სამი წელი და ყველაფერი აყვავდება, ავფრინდებით და შემდეგ გითხრათ, უიმე, არ გამომივიდა, მოდი, რა, ერთხელაც მოგვეცით ამის საშუალება, შემდეგ კიდევ ერთხელაც და მოგატყუოთ ჩვენს დაპირებებში. ეს არის ის, რისიც მე ყველაზე უფრო მეშინია, რაც ყველაზე უფრო არ მინდა, ჩემო ხალხო.

ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, ჩვენი საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ არასწორი იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.