ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას მიმართავს - გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ მედია
ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას მიმართავს - გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ მედია

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას მედიარეგულატორის შექმნის ინიციატივით მიმართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას რეგულატორი, რომელიც მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დასჯის.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას რეგულატორი, რომელიც უსასტიკესად დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამას იკადრებენ. ამას იმიტომ კი არ ვყვები, რომ რაღაც მორიგი სასაცილო პასკვილი მომაწებეს, არა, აქ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე. ბატონო ბიძინა და ძვირფასო მთავრობავ, ვერანაირ ეკონომიკასა სტაბილურობას ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. ხომ ხედავთ, აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედიაპროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს. ანუ გაგინულებენ ნებისმიერ თქვენს მოქმედებას, რომელიც ისედაც დიდად არ გეტყობათ, რაღაცას აკეთებდეთ ქვეყნის წინ წასაწევად. ეს თქვენი ტრაბახი, რომ ევროპას აკვირვებთ თქვენი დემოკრატიით, სულ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, გაგვაკვირვოთ თქვენი სამართლიანობით, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვით. გინდათ, რომ ქვეყანა გვქონდეს? დაანებეთ თავი ამ თქვენს ბოლომდე წაუკითხავი წიგნების ციტირებას დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ. ეს არ არის დემოკრატია და თავისუფლება. ეს არის დემონოკრატია და გარყვნილი დემონების უფლება, რაც უნდათ, ის აკეთონ ქვეყნის საზიანოდ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ლევან ვასაძის თქმით, მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.

„ან შექმნით ცივილიზებულ, მკაცრ რეგულატორს, ოღონდ ისეთს არა, ჭინკები რომ გიზით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში, რეგულატორს, რომელსაც დააკომპლექტებთ პრინციპული, ეროვნული, უმწიკვლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას. ბევრი არ დასჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე, ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. სანამ კიდევ ერთი გადატრიალება არ მოუწყვიათ თქვენთვის, ამ ყოფილი პოლიტიკოსებისა და მევახშეების დევნას, მიხედეთ მედიასივრცეს. ვერავითარი პოლიტიკური და ეკონომიკური მშენებლობა ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ ეს პირომანიაკები, ტელეტერორისტები ისხდებიან მედიასივრცის სათავეში. ეს თუ არ გესმით, რა გინდათ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. თქვენი ბოლო შანსია, გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, – განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში „რუსთავი 2“-ზეც ისაუბრა.

„ჩვენივე ბრალია, თუ „რუსთავი 2“-ისნაირ ტელეტერორისტულ ორგანიზაციებს საქართველოში ყველაზე დიდი რეიტინგი აქვთ. ჩვენ ვასაზრდოებთ. „რუსთავი 2“-სთვის არ მიყურებია 2004 წლიდან, მაგრამ მეუბნებიან, რომ უამრავი ხალხია, ვინც უყურებს და აგინებს. რა გამოდის, რომ ჰიპნოზისა და მომდინარე შხამის ქვეშ თვითონვე ვასაზრდოებთ ჩვენი დროით. გამორთე და აღარ იქნება მისი რეიტინგი. კი არავის ვუკრძალავ ყურებას, მე ვინ ვარ, მაგრამ ლოგიკურ რაღაცებს ვიძახი. ბოლო ხუთი წელია, საერთოდ ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ. ინტერნეტით ვგებულობ, რა მოხდა. ჩემმა მტერმა უყურა ქართულ ტელევიზიებს. როდესმე იქნებ მოვესწროთ დროს, რომ ჩვენი ტელევიზია მართლა გათავისუფლდება ლიბერალური ოკუპაციისგან. უამრავი ჟურნალისტი გვყავდა, მაგრამ ამ აგრესიულმა სექტამ ანტიდისკრიმინატორებისა, ყველა დაფერთხა. შენ თუ შიგნით არ ხარ უნამუსობის, გარყვნილების, ცინიზმისა და სრული უპრინციპობის მიმდევარი, იქ ვინ გაგაჩერებს. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს და რაღაცას დავემგვანოთ, ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკა, გეოპოლიტიკა წინ უნდა წავწიოთ და გამოვიდეთ თავსმოხვეული ილუზიებიდან“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.