ლევან თარხნიშვილი - სპეკულაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე არის ნიადაგმოკლებული, რადგან არ ვიცით, ჩატარდება თუ არა, როდის ჩატარდება და რა წინადადებით მოვა ჩვენთან „ქართული ოცნება“
ლევან თარხნიშვილი - სპეკულაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე არის ნიადაგმოკლებული, რადგან არ ვიცით, ჩატარდება თუ არა, როდის ჩატარდება და რა წინადადებით მოვა ჩვენთან „ქართული ოცნება“

გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმა არ არის საკმარისი წინადადება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „გირჩის“ წევრების განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე რაუნდის შესახებ მოლაპარაკებები ნიადაგს მოკლებულია.

„ჩვენი აზრით, გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები ან ნაბიჯები, რომლებსაც ახალი არჩევნებისკენ მივყავართ. მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენთვის არ არის საკმარისი წინადადება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, არ გვჯერა „ქართული ოცნების“ არც ერთი დაპირება. არც ერთი საჯაროდ აღებული პირობა მათ არ შეასრულეს. შესაბამისად, არავითარი ნდობა „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან არ აქვს. მგონი, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მეორე, მათ უკვე გვიპატაკეს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა უკვე ჩატარებულია. მესამე, არავითარი ნიშანი, რომ რაიმე წინადადებაზე წამომსვლელები არიან. ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, სპეკულაციები მესამე რაუნდზე არის უბრალოდ ნიადაგმოკლებული, რადგან არ ვიცით, ჩატარდება თუ არა საერთოდ ეს მესამე რაუნდი. მეორე, წარმოდგენა არ გვაქვს, როდის ჩატარდება და მესამე, წარმოდგენა არ გვქვს, რა წინადადებით მოვა ჩვენთან „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა: „ვადამდელ არჩევნებზე თუ ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“. პარტიის წევრ იაგო ხვიჩიას განმარტებით კი, ნაკლებად დამაჯერებელად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან, მაგრამ თუ ამაზე წამოვლენ, „გირჩი“ შევა პარლამენტში.