ლევან თარხნიშვილი - პატივს ვცემთ პარტნიორების პოზიციებს, მაგრამ ასევე პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების ნებას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვლილიყო
ლევან თარხნიშვილი - პატივს ვცემთ პარტნიორების პოზიციებს, მაგრამ ასევე პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების ნებას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვლილიყო

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პატივს სცემენ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, თუმცა ასევე ითვალისწინებენ ქართველი ამომრჩევლების ნებას.

თარხნიშვილის თქმით, ხალხის ნება კი იყო არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, თუმცა ამის უფლება მათ გაყალბებული არჩევნებით წაართვეს.

„ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ პარტნიორების პოზიციებს, მაგრამ ასევე პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოზიციას და მათ ნებას. მათი ნება იყო ის, რომ მომხდარიყო არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება და ხელისუფლების ცვლილება, მათ ეს საშუალება და უფლება მოპარეს გაყალბებული არჩევნებით. ჩვენ გვესმის, ჩვენი პარტნიორების სურვილია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს დემოკრატიული გზით. სამწუხაროდ, ასევე „ქართული ოცნების“ დამსახურებით, დღეს ამის შესაძლებლობა არ არის.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტი არის პრობლემა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ქვეყანა ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“. ორი ცუდი გამოსავლიდან – ბოიკოტისგან და პარლამენტში შესვლისგან ჩვენ ვირჩევთ უფრო ნაკლებ ბოროტებას, პარლამენტში არშესვლას, რადგან მივიჩნევთ, იქ შესვლით ის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის სისტემის კრიზისი, რომელშიც ჩაგვავდო „ქართულმა იცნებამ“ მხოლოდ გაღრმავდება. ამ კრიზისიდან გამოსავლი არის მხოლოდ არჩევნები და ახალი სისტემის დალაგება, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ეუთო-ში ნორვეგიის ელჩმა, ​ანე-კირსტი კარლსენმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება როგორც მოქმედი პარლამენტი, ისე მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. მისივე თქმით, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მისცენ საშუალება ახალ, უფრო მრავალფეროვან პარლამენტს, შეასრულოს სრულფასოვანი როლი საქართველოს დემოკრატიაში.