ლევან თარხნიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს სამშობლოში
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს სამშობლოში.
„პატიოსნად გეტყვით, საერთოდ არ განვიხილავთ. გავყოთ ეს საკითხი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს თავის სამშობლოში, ისევე როგორც ნებისმიერ პოლიტდევნილს. ეს – „ორჯერ ორი ოთხია“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ აზრით, მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკურ ძალები, რომლებიც დღეს იმყოფებიან საქართველოში და ჩვენი ხედვით, მიშვნელოვანია, ამ ძალებს, ოპოზიციურ ძალებს შორის იყოს ერთობა, მოლაპარაკება, კონსოლიდაცია და გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა, ერთობლივი სტრატეგია, რათა 31 ოქტომბერს დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის მთავარი ამოცანა. რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური განსჯის საგანი, მაგრამ მოდით, ეს განსჯა დავუტოვოთ ჟურნალისტებს, ექსპერტებს. თუ წამოვა, თუ ჩამოვა, თუ დააკავებენ, თუ ხალხი ქუჩაში გამოვა. ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე კომენტარების გაკეთებას. ამ თეორიულ „თუებზე“ დაყრდნობილ პოლიტიკურ დისკუსიაზე გადასვლა, ჩვენი აზრით, არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ყურადღება გადაიტანოს რეალური პრობლემებიდან და რეალური პოლიტიკური აჯენდიდან და აჯენდა არის ის, რომ შენარჩუნდეს ერთობლივი სტრატეგია.
შემიძლია, ახლაც დაგიდასტუროთ, რომ ეს განცხადება ქმნის გარკვეულ დისონანსს. მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ ექვსი თვის განმავლობაში განსაკუთრებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ანახეს, რომ გააჩნიათ სიმწიფე, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალები, „ნაციონალური მოძრაობა“ არღვევდეს გარკვეულ შეთანხმებას, მიუხედავად ამისა, მთავარი მიზნისთვის, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა. ამის მაგალითია, რომ გუშინ და გუშინწინ გაკეთებულ განცხადებების მიუხედავად, გუშინ ლეიბორისტული პარტიის ოფისში კვლავ იჯდა 30-მდე პარტიის წარმომადგენელი და კვლავ განაგრძობდა საუბარს ერთობლივ სტრატეგიაზე. ეს არის მთავარი. დანარჩენი, ვერავის ვერ აუკრძალავ იმსჯელოს ამ საკითხებზე“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რაც შეეხება, თითოეულ პარტიას აქვს უფლება დააყენოს თავის კანდიდატი.
„ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი სხვა პარტიის სხვა კანდიდატს, მათ შორის არ ვაპირებთ, გიორგი ვაშაძის კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატურა, რომელსაც ადრე თუ გვიან გავაჟღერებთ. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის მოლაპარაკების საგანი, მოლაპარაკება წარიმართება არჩევნების შედეგებიდან, კოალიციიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის თითქმის პროპორციული არჩევნების შედეგი და უპირატესობა. ეს არის საქართველოს მომავალი“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.