ლევან სილაგავა - იმპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა
ლევან სილაგავა - იმპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა

იმპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, ისეთი საერთო ველია შექმნილი, რომ სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გვაქვს. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველო ფაქტიურად, ჩაიბა ლარსის ტრაფიკის მეშვეობით. იქიდან გამომდინარე, რომ მას იქ ხორბალზე აქვს ფასი, რომელიც შეიძლება, საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებია. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს ძალიან კარგია, რადგან რა არის იმაში ცუდი, რომ ხორბალი იმაზე ნაკლებ ფასად მოდის, ვიდრე ზოგადად, საბაზრო ფასია, მაგრამ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს ხელოვნურად გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეცეს დივერსიფიცირების საშუალება, როგორც სატრანსპორტო, ისე ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, მთლიანად, 90%-ზე გადავიდა ჩვენი იმპორტი რუსეთზე“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, კერძო სექტორი და სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ დივერსიფიცირება მოხდეს და ამ მიმართულებით წინსვლა მათ შორის, ყაზახეთთან გვაქვს.

„ყაზახეთის დელეგაცია იყო ჩამოსული ახლა და შევხვდით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად. აქ, სახელმწიფო იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული მექანიზმი გაკეთდეს, რათა ყაზახეთის მხრიდან სატრანსპორტო დევერსიფიცირება მოხდეს“, – განაცხადა სილაგავამ

მისივე თქმით, დივერსიფიცირება სისტემური პრობლემაა, საკანონმდებლო, არა ერთი სამინისტროს პრობლემა და თუ ეს საკითხი სისტემურად არ გადაიჭრა და სტრატეგიული მარაგების არსებობა სისტემურად არ იქნა უზრუნველყოფილი, მუდმივად ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიქნებით.

„2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაერო-მ ქვეყნების მიმართ დადო რეკომენდაცია, რომ მათ ხორბლის მოხმარების ორი თვის მარაგი მაინც უნდა ჰქონდეთ, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. შესაბამისად, ეს არის თემა, რომ სტრატეგიული მარაგების არსებობა აუცილებლად იყოს და ამას ქვეყნებში უშიშროების საბჭოები და მასთან გათანაბრებული ლეგიტიმური ორგანოები აკონტროლებენ. ანუ, ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს მიერ გაკეთებული და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ“, – განაცხადა სილაგავამ.

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.

„მინდა, კმაყოფილება გამოვხატო თქვენ მიმართ, რადგან ეკონომიკური გადაცემები და ასეთი მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწორად დავინახოთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში ამა თუ იმ კუთხით არის, რადგან შემდეგ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიხდება ხოლმე ამ პრობლემების განხილვა. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და საინფორმაციო საშუალებას, ამასთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია და ბიზნესთან მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.