ლევან შენგელია - საქართველოს ნაკრებს კანკავა ძალიან გამოადგება, მისი დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო #1TVSPORT
ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ბერძნული „პანეთოლიკოსის“ შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია თვლის, რომ „ჯვაროსნების“ რიგებში ჯაბა კანკავას დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
„შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. ფეხბურთელებმა ზუსტად ვიცით, ეს თამაშები რამდენად მნიშვნელოვანია. ასე რომ, მაქსიმალურად მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
რაც შეეხება ჯაბა კანკავას დაბრუნებას, როდესაც ნაკრებში პირველად გამომიძახეს, მაშინ ის უკვე კაპიტანი იყო. ზუსტად ვიცი ლიდერის ის თვისებები, რაც ჯაბას აქვს და, რა თქმა უნდა, ახლა მისი დაბრუნება ძალიან დაგვეხმარება. ჩემი აზრით, ჯაბას მოწვევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, – ამბობს ლევან შენგელია.
37 წლის ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის 2012 წლიდან გუნდის კაპიტანი გახდა და „ჯვაროსნების“ რიგებში 100 მატჩი ჩაატარა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების რიგებში ბოლო თამაში 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა. ცენტრალური ნახევარმცველი ვილი სანიოლმა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის დააბრუნა.
საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს თბილისში შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.