ლევან შენგელიამ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა და გუნდს და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელმა გუნდთან კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუსრულდა და კონტრაქტი თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორთან“ გააფორმა.
„უპიველესად, მინდა დავიწყო იქედან, რომ ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, თუ სად გამეგრძელებინა კარიერა. ეს იმის გამო, რომ „დინამოში“ თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი. ეს იყო ყველას დამსახურება, დაწყებული პრეზიდენტიდან (რომელიც ყველაფერს აკეთებდა, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო და დამთავრებული სტაფის თითოეული წევრით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩისკოს და მის სტაფს – იმ პროფესიონალიზმისთვის და კომფორტისთვის, რაც გუნდშია და იმ ერთიანობისთვის, რომელშიც თითოეული ფეხბურთელია ჩართული“, – წერს ლევან შენგელია.
24 წლის თავდამსხმელმა გულშემატკივრებსაც მიმართა: „დიდი მადლობა დინამოს გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ჩვენს ელიტას, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არის და მათგან სიყვარულს სულ ვგრძნობდი. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ „დინამო“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია და რა თქმა უნდა, საქართველოში ნომერ პირველი გუნდია. დარწმუნებული ვარ, „დინამო“ წელს ჩემპიონობას იზეიმებს და მეც ამის ნაწილი ვიქნები!“