ლევან რატიანი - როგორც კი სამყაროში ახალი კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის გამო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა
ლევან რატიანი - როგორც კი სამყაროში ახალი კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის გამო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა

შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმით, კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში  მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანმა ამის მაგალითად მოიყვანა კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აქვს.

რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

„ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? – ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინ თერაპიაზე.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმებით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში“, – განაცხადა რატიანმა.

ამათან, რატიანის თქმით, როგორც კი სამყაროში ახალი ტიპის კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის ინდექსის გამო მას მკვლელი დაერქვა, თუმცა ვირუსის ამ ფუნქციამ დღეს ლიკვიდაცია განიცადა.

„დიდი ხანია, ამ ვირუსის ბუნებათა შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან როგორც კი სამყაროში გაჩნდა ეს ვირუსი, რატომღაც, ყველამ ვინაიდან ახალი იყო და მაღალი ლეტალობა იყო კაცობრიობაში, მკვლელი დავარქვით, მაგრამ ამ ვირუსმა, ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. კიდევ ერთი მაგალითი გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, ეს არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს“, – განაცხადა რატიანმა.