ლევან რატიანი - პაციენტები თვალსა და ხელს შუა მძიმდებიან და იცით, ეს ექიმისთვის რა მძიმე საყურებელია
ლევან რატიანი - პაციენტები თვალსა და ხელს შუა მძიმდებიან და იცით, ეს ექიმისთვის რა მძიმე საყურებელია

პაციენტები თვალსა და ხელს შუა მძიმდებიან და იცით, ეს ექიმისთვის რა მძიმე საყურებელია, – ასე უპასუხა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შეკითხვას, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა ასაკობრივი ჯგუფის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობის გაუარესება მოულოდნელად, წუთებში ხდება.

კოვიდ 19“ არის ვირუსი, რომელმაც ახლახან დაიწყო ბობოქრობა და მას ახასიათებს ერთი რამ – დააზიანოს ყველაფერი. როცა ის ჩვენს ორგანიზმში, ცოცხალ სისტემაში იჭრება, ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა უჯრედი დაანეკროზოს. ამიტომაა, კლასიკური სუნთქვის უკმარისობა რომ არ მიდის და მიდის ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. პაციენტები თვალსა და ხელშუა მძიმდებიან და იცით, ეს ექიმისთვის რა მძიმე საყურებელია?! გგონია, რომ პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია და სასიცოცხლო პარამეტრს იჭერს, მაგრამ დგება მომენტი და პაციენტი აღარ არის. პაციენტი, რომელიც გეკონტაქტება, რამდენიმე საათში ტერმინალური ხდება. ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ხალხო და გთხოვთ, ფიზიკურად დავცილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

მისი თქმით, „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა აბსოლუტურად განსხვავებული კლინიკით მიდის.

„ჩვენ ახლა არ დაგვიწყია ექიმობა. 20 წელია, რაც რეანიმაციასთან მაქვს ურთიერთობა და პაციენტების დამძიმება არ გვიკვირს, მაგრამ ესაა ის სიტუაცია და მომენტი, სადაც კლინიკა აბსოლუტურად განსხვავებულად მიდის, სუნთქვის უკმარისობით. ანუ, პაციენტები განსხვავებულად მძიმდებიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, რომ სუნთქვა უჭირთ, სანამ ტერმინალურ მდგომარეობამდე არ მივლენ“, – განაცხადა რატიანმა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს უთოფო ომი მოვიგოთ და გადავრჩეთ, ერთმანეთს ფიზიკურად უნდა დავცილდეთ.

„ეს ვირუსი ახალია სამყაროსთვის და არ ვიცით მისი ბიოლოგიური ღირებულება, მისი გამოვლინება. როცა პაციენტთან შეხება არ გვაქვს, ძალიან ბევრს ვკითხულობთ ამ ვირუსთან დაკავშირებით და მინდა, გითხრათ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობაა. ვირუსი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში სხვადასხვა დაავადებით რთულდება და სხვადასხვა სიმპტომატიკით ვლინდება. ერთადერთი, რაც ექიმებმა ვიცით, ისაა, რომ ამ დაავადებას დავამარცხებთ, თუ ერთმანეთს ფიზიკურად დავცილდებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.