ლევან რატიანი - ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ისე გაივლის, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ
ლევან რატიანი - ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ისე გაივლის, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ

მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია. ისე გაივლის, რომ მას მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 17 პროცენტი არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, ხოლო სამი პროცენტი ინტენსიური თერაპიის პაციენტები არიან.

რატიანი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქართველო კორონავირუსს წარმატებით გაუმკლავდება.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა, ყოველთვის არსებობდა მიკროორგანიზმი, ყოველთვის არსებობდა დაავადება, მაგრამ პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში და სამყაროში ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად ხდება ორგანიზმი დუნე და დეპრესიული განწყობით. ამიტომ ამ ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია. ნამდვილად არ არის ასე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით, 80 პროცენტი შემთხვევა არის „ა“ კლინიკური ფორმა, ანუ ისე გაივლის ეს, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება ამას დავარქვათ.

ერთ-ერთ ქართველ ექიმს უწერია ინფექციური დაავადებების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინა საუკუნეში იყო – მოსახდელი დაავადება. დადგა დრო, გამოვიყენოთ სიტყვა, რომ „ესაა ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს“. 80 პროცენტი თუ „ა“ კლინიკური ფორმით მიდის, მხოლოდ და მხოლოდ 17 პროცენტი არის მსუბუქი და საშუალო, სამი პროცენტია ინტენსიური თერაპიის პაციენტები. ესეც ის პაციენტები არიან, რომლებსაც ავადობისთვის განწყობის მაღალი რისკის ჯგუფი აქვთ. ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ ამას. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ამას წარმატებით გადალახავს, – განაცხადა ლევან რატიანმა.