ლევან რატიანი - მითითებებს თუ დავარღვევთ, ჩიხში შევა არა მარტო ჩვენი კლინიკა, არამედ ყველა კლინიკა ქვეყნის მასშტაბით
ლევან რატიანი - მითითებებს თუ დავარღვევთ, ჩიხში შევა არა მარტო ჩვენი კლინიკა, არამედ ყველა კლინიკა ქვეყნის მასშტაბით

თუ მითითებებს დავარღვევთ, რა თქმა უნდა, ჩიხში შევა არა მარტო ჩვენი კლინიკა, არამედ ყველა კლინიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ამ ეტაპამდე ჩვენი კლინიკის მედპერსონალი და კლინიკა სტაბილურად ვართ, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მითითებებს დავარღვევთ, აუცილებლად გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი, მომართვიანობა და რა თქმა უნდა, ჩიხში შევალთ, არა მარტო ჩვენი კლინიკა, არამედ ყველა კლინიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვერ მოვემსახურებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა რატიანმა.

ამ განცხადებით ლევან რატიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უჭირს თუ არა უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ნაკადების მართვა.

მისი თქმით, საქართველოში დადგა მომენტი, რასაც ეპიდემიის პიკი ჰქვია.

„აქედან გამომდინარე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და მომართვიანობა. ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა მზად არის, მივიღოთ ყველა პაციენტი. იმიტომ, რომ გვაქვს რეანიმაცია 50 საწოლზე და ჯერჯერობით, საბედნიეროდ, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ და მხოლოდ ცხრა პაციენტი გვყავს, დანარჩენი პაციენტები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებული“, – განაცხადა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკას ამ ეტაპამდე არ ჰყავს არც ერთი დაინფიცირებული თანამშრომელი, მაგრამ მედპერსონალმა თავი რაც არ უნდა დაიცვას, დადგება მომენტი, როცა შეიძლება, მათ თავი ვეღარ დაიცვან და ისინიც დაინფიცირდნენ.

შეკითხვაზე, რამდენად ხშირია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შემთხვევები, როდესაც პაციენტები კლინიკაში მხოლოდ იმიტომ შემოდიან და მათ ტესტირება მხოლოდ იმიტომ უტარდებათ, რომ ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში, მაგრამ არანაირი გამოხატული სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ და დაავადება ფეხზე გადააქვთ, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ საერთოდ, ინფექციური პათოლოგიების შემთხვევაში ბუნების კანონია ის, რომ შეიძლება, ინფექციის მიმღები ვიყოთ, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული და ამ დაავადების სივერაგე სწორედ ეს არის.

„შემთხვევების 80 პროცენტში დაავადების გამავრცელებლები ვართ ადამიანები, ვინც ვირუსის მატარებელი ვართ და არ ვართ დაავადებული, ანუ, არც ერთი კლინიკური ნიშანი არ გვაქვს. აი, ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მოწოდებული, რათა ადამიანები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.