სანდრო რაქვიაშვილი - გარკვეული გეგმა გვაქვს, გვექნება კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ექნებათ
გვაქვს გარკვეული გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ და ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც სურვილი ექნება ჩვენთან ურთიერთობის და თანამშრომლობის, თუმცა ჯერ ადრეა დეტალებზე საუბარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას მოლაპარაკებების სურვილი არ ჰქონია.
„ამ მოლაპარაკებას ამ ფორმატით და ამ პირობებში მომავალი არ აქვს. დანიელსონმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო. ის, რომ მხარეებმა ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი შეთანხმების. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა სურვილი გაჩნდება. ამ ფორმატში, არამგონია რამე წარმატებით დასრულდეს. ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სიტუაციისთვის. გვაქვს გარკვეული გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ და ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც სურვილი ექნება ჩვენთან ურთიერთობის და თანამშრომლობის, თუმცა ჯერ ადრეა დეტალებზე საუბარი. ღარიბაშვილის განცხადება ერთ-ერთი დამატებითი სიგნალია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს განსაკუთრებული სურვილი მოლაპარაკებისთვის. იგივე ხდება ოპოზიციის დიდ ნაწილშიც. ეს არის პრობლემა, რის გამოც ვერ შევთანხმდით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.