ლევან ქუტაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ინფორმაცია არ აქვს 
ლევან ქუტაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ინფორმაცია არ აქვს 

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ერთად დააკავეს, თუმცა შემდეგ დააცალკევეს. შესაბამისად, კონკრეტულად რა მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით, გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილს ინფორმაცია არ აქვს, – ამის შესახებ ქუტაშვილის დედამ, მედეა ილურიძემ განაცხადა.

„ესენი ერთად არ ყოფილან და არაფერი იციან მის შესახებ. ერთად დააკავეს, მაგრამ შემდეგ დააცალკევეს და რა მოხდა არ იცის“, – განაცხადა მან.

ამასთან, მედეა ილურიძის თქმით, მისი შვილი ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა. მას ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

„ჩემი შვილი დაბრუნდა უვნებელი, ჯანმრთელი და საღი. არანირი ძალადობის კვალი. მოხდა გაურკვევლობა და თვითონაც არ იცის რა მიზეზით. არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჯანმრთელები და უვნებლები არიან. მთელი კვირა დასვენების კვირა იყო, მისცეს საბუთი და წამოვიდნენ. ჩვეულებრივ, უპრობლემოდ გამოვედით. როგორც კი ავიღეთ საბუთი, წამოვედით. არაფერს ყვება, არც თვითონ იცის რატომ დააკავეს“, – განაცხადა მედეა ილურიძემ.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მანამდე კი, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ.