ლევან ნიკოლაიშვილი – გიორგი გახარიას გადადგომა იქნება გამარჯვების სიმბოლო გარკვეული პოლიტიკური პარტიებისათვის, მაგრამ რეალურად არაფრის მომტანი სახელმწიფოსთვის
გიორგი გახარია რომ გადადგეს, ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიებისათვის იქნება გამარჯვების სიმბოლო, მაგრამ რეალურად არაფრის მომტანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ლევან ნიკოლაიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა.
ნიკოლაიშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი უნდა შეუწყონ გამოძიებას და მხოლოდ ამ გზით შეძლებენ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.
„გამოძიების შემთხვევაში ყველას ექნება შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და სიმართლე. ამიტომ უნდა შეუწყონ ხელი ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ გამოძიება წარიმართოს და ასე შეძლებენ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. გამოძიებაში სახალხო დამცველიც ჩართულია და ეს ძალიან კარგია. ამ გზით გამოძიება მივა იმ დონემდე, რაც აუცილებელია და გამოიკვეთება ის დანაშაულებები, რაც იყო იმ ღამეს”, – განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედარება 201 წლის 26 მაისისა და 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეებთან არ არის სწორი.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად ხდება ამ აქციის 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციებთან შედარება. აბსოლუტურად დიდი განსხვავება გვაქვს. 7 ნოემბერსა და 26 მაისს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია და არანაირი მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელყოფისა. აქედან გამომდინარე, მათი დაშლა და დარბევა მოხდა სრულიად სხვა მიმართულებებით. მაშინ ალყაში ჰყავდათ მოსახლეობა მოქცეული და ვხედავდით, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, გვახსოვს 26 მაისი და 7 ნოემბრის საშინელი კადრები. დღეს კი, პოლიცია მოქმედებდა ლეგიტიმურად, ნებისმიერი გადაცდომა უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული. გვახსოვს დაშლის შემდეგ, როგორ ბრუნდებოდა დემონსტრანტების გარკვეული ჯგუფები პარლამენტის შენობისკენ, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ ეს იყო გარკვეული ძალების მიერ ორგანიზებული“, – განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, პარლამენტთან მიმდინარე პერმანენტული აქციების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაც საგრძნობლად დაზარალდა.
„გიორგი გახარიამ და შსს-მ იმოქმედა ლეგიტიმურად და აგვაცილა ძირითადი საფრთხე, რაც შეეხება მის გადაყენების მოთხოვნას, გამოძიებას აწარმოებს სხვადასხვა უწყება; სახალხო დამცველია ჩართული ამ საქმეში და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები. ქართველები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ პროცესებს და მათაც რამდენიმეჯერ აღნიშნეს, რომ ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტების აღება მიუღებელია. ამ მიტინგების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკაც საგრძნობლად დაზარალდა.
გახარიამ აგვაცილა ძალიან დიდი საფრთხე და იგი მოქმედებდა კანონის ფარგლებში. გიორგი გახარია რომ გადადგეს, ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიებისათვის იქნება გამარჯვების სიმბოლო, მაგრამ რეალურად არაფრის მომტანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდა, რომ გახარია არაფერში არ იყო დამნაშავე, უნდა დაბრუნდეს?! ოპოზიციური პარტიების ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე
ამასთან, უნდა გავითავისოთ რომ რეალურად საფრთხე გვქონდა სახელმწიფო ინსტიტუტის ხელყოფასთან, რაც იერიშით გამოიხატა. ამ შემთხვევაში პოლიციამ იმოქმედა ლეგიტიმურად, ამავდროულად ნებისმიერი სახის გადაცდომებზე, თუ კი რამე გამოიკვეთა, უმკაცრესად, კანონის ფარგლებში უნდა იყოს ყველა დასჯილი“, – განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.