ლევან მუსელიანი - სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ლევან მუსელიანი - სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, კომერციულ ფართში. შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები“, – განაცხადა მუსელიანმა.

სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.