#ტაიმაუტი | ლევან მჭედლიძე - პირდაპირ ვიტყვი, რომ „ემპოლისთან“ მოლაპარაკება მქონდა [ვიდეო]
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა 29 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა სერია „ბ“-ს ლიდერ „ემპოლისთან“, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა.
„გუნდის ძიების პროცესში ვარ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მოლაპარაკება „ემპოლისთან“ მქონდა, რომელიც ჩემი ოჯახია, 15 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობდი და ლამის ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. იტალიაში ცხოვრების უფლება მქონდა, მაგრამ ერთი წელი თუ მიდიხარ, ეს უფლება უქმდება. ახლა კი გუნდს სამი არაევროკავშირელი ჰყავს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში გუნდი სერია „ა“-ში დაბრუნდება, მოლაპარაკება კი ძალაშია“, – თქვა „ტაიმაუტში“ ლევან მჭედლიძემ.
თავდამსხმელმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა, განაცხადა, რომ სხვა ვარიანტებზე უარი თქვა:
„დასამალი არაა, რომ სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ლაპარაკი იყო ხანგრძლივ კონტრაქტზე და არაპერსპექტიულ ქვეყნებზე. მე კი მინდა, რომ რაღაც გავაკეთო და ეგზოტიკურ ქვეყანაში არ წავიდე. ვნახოთ, ზაფხულამდე რა მოხდება“.
ზაფხულამდე რომელიმე ქართულ გუნდში ხომ არ ითამაშებდა? მჭედლიძემ კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა:
„რა თქმა უნდა, ვარჯიშს თამაში სჯობს. უთამაშებლად ბედნიერი ვერ იქნები, მაგრამ ფიზიკური მომზადების კურსის დასრულებამდე, 20 დღე დამრჩა“.
29 წლის თავდამსხმელის თქმით, ახლა ექიმებზე ბრმად მინდობილი არაა:
„საერთოდ, ბოლო ერთია წელია, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ამით ბედნიერი ვარ. ვცდილობ, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყო და თამაში დავიწყო. საერთოდ, სჯობს, ბოლომდე მოითმინო და 100 პროცენტით მწყობრში იყო. ექიმი გარწმუნებს, რომ კარგად ხარ, მაგრამ შენ შიგნიდან გრძნობ, რომ ასე არაა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ბოლომდე ექიმს უჯერებ და არა შენს თავს და ორგანიზმს.“