ლევან მამალაძე – მიგრაციის პრობლემა არის, მაგრამ, რატომ არაბიზაცია? გადავდივართ მანიპულირებაში, რომლის უკან არ დგას ციფრები, სტატისტიკით, საქართველოში შემოსული 257 000 ადამიანიდან 4%-ია არაბი
სახიფათო ტენდენციაა, როცა პატრიოტული განცდების მარგინალიზაცია ხდება, – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
ლევან მამალაძემ განმარტა, რატომ აქვს უარყოფითი პოზიცია ტერმინ არაბიზაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„გეტყვით, რატომ იყო ჩემი პოზიცია უარყოფითი აქციებისადმი და ტერმინ არაბიზაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. როცა ვუყურებ და გარკვეულწილად, თანავუგრძნობ შინაარსობრივად ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებმაც ასეთი პარტია ჩამოაყალიბებს, მე დავინახე, რომ ამის უკან ფაქტობრივი მასალა არ დგას, ასევე, მცდარ მანიპულირებას მოჰყვა პატრიოტულად განწყობილი ადამიანების გაწბილება, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია, ხედავენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში თავისი რეალიზების საშუალებას და სამშობლოს დაცვას. ამაში ეს არ არის ჩადებული და ეს არის სახიფათო ტენდენცია, როცა პატრიოტული განცდების მარგინალიზაცია ხდება. ეს არის მთავარი თემა ჩემთვის, რომლითაც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არასწორია. შარშან იყო ხომ აქცია, არ იყო ისეთი შედეგი და ახლა ისევ გაიმეორეს, შედეგი კი არ არის. ანუ, ამ ადამიანებს, რომლებსაც მართლა განცდა აქვთ და სამშობლოს დაცვისთვის შეიძლება, თავი გასწირონ, ისევ აწბილებ. ანუ, შინაარსის დეგრადირება მოხდა. ეს არის შეცდომა, არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას“, – განაცხადა მამალაძემ.
როგორც სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საუბარი როდესაც მიდის არაბიზაციაზე, გადავდივართ მანიპულირებაში, რომლის უკან არ დგას ციფრები.
„რა არის არაბიზაცია? როცა ჩვენ არა ვაქცევთ ყურადღებას იმას, როგორმე შევძლოთ ტერიტორიების გამაგრება, სოფლების აღდგენა, ხალხის დაბრუნება, ემიგრანტების, რეპატრიანტების და ამაზე პროექტები მომზადებულია, ისევ გადავდივართ მანიპულირებაში, რომლის უკან არ დგას ციფრები. რამდენი არაბია ახლა ვთქვათ? მიგრაციის პრობლემა არის, მაგრამ, რატომ არაბიზაცია? გარდა მანიპულირებისა, სიტყვა არის ყურის მომჭრელი, ხომ? ყველას ჰგონია ახლა, რომ მურვან ყრუ დაჯდა აქლემზე, მოდიან ეს არაბები და შემოვლენ საქართველოში. ამას ახლა ვუტრირებ, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ეს განცდები ეუფლება. თუკი ავიღებთ არაბების შემოსვლას, 4%-ია 257 000-დან, ჯამში ვინც შემოსულია საქართველოში. ეს არის სტატისტიკური მონაცემები და სხვას ვერ დავეყრდნობით ჩვენ. შეიძლება, ვიღაცამ აწარმოოს სტატისტიკა, მაგრამ არის ოფიციალური ორი წყარო ძირითადად, სულ ვიმეორებ, ეს არის სტატისტიკის სამსახური და გაერო-ს დემოგრაფიული ანალიტიკური სამსახური, რომელიც ასევე აკეთებს ამ ციფრებს და ამას ვიყენებთ ჩვენ“, – განაცხადა მამალაძემ.