ლევან მახაშვილი - ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია
ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც არაფერ შუაშია პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებზე, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.
„ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობასა და კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს, რაზეც შესაბამისი პასუხისმგებლობა დგება. საინტერესოა ის, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკურ თამაშში იარაღად გამოიყენონ დაკავება-არდაკავების საკითხი და უცხოეთიდან ამ თემის ხაზგასმით ისევ დამატებითი მხარდაჭერა და სალაპარაკო მოიპოვონ. ფოკუსი რომ გავასწოროთ, ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს და მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა მახაშვილმა.