ლევან მახაშვილი – ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს

12:11, 27.10.2026

რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანასა და ხალხს, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს.

„ჩვენმა წარმომადგენლებმა ძალიან მკაფიოდ, ნაწილ-ნაწილ წარადგინეს თითოეული ის ბრალდება, რომელიც არის გამყარებული მტკიცებულებებით – დაწყებული ხალხის წამებით და გაგრძელებული საკუთარი ქვეყნის მიწების ოკუპაციის ჩაბარებით ან ამ პროცესისთვის ხელშეწყობით, უცხოური ძალებისთვის საქართველოს ბოიკოტის და საქართველოს მიმართ ზეწოლის წახალისებით, გაგრძელებული და დასრულებული საქართველოს კონსტიტუციური სისტემის უპატივცემულობით და არა უბრალოდ უპატივცემულობით, უხეში დარღვევით კონსტიტუციური ნორმების. ყველაფერი არის ძალიან მკაფიო, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ გასამართლება იმ ძალების, რომლებმაც ამ ქვეყანას მოუტანეს მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველი შედეგები“, – განაცხადა ლევან მახაშვილი.

კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ აკრძალავს ხუთ ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდება, საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ რა არგუმენტი ექნებათ, ლევან მახაშვილმა უპასუხა, რომ „არაფერიც არ იქნება, პირიქით, ეს ქვეყანას და დემოკრატიას წაადგება“.

„ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში აღარ იქნებიან ის ძალები, რომლებსაც ამ პროცესში შემოაქვთ მხოლოდ დესტრუქცია. ადრე არაერთხელ გვითქვამს, პოლიტიკური პარტიები არიან ის ძალები, რომლებიც აღასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ხალხის ნებას. ისინი მონაწილეობენ აქტიურად პოლიტიკურ პროცესში, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, შემოაქვთ ალტერნატიული იდეები და ინიციატივები, ერთვებიან საბიუჯეტო თუ უამრავი მიმართულებით განხილვებში, აქტიურად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასე შემდეგ. როდესაც ეს მახასიათებლები არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბარი, არ შეიძლება, გვქონდეს პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არის ჩვეულებრივი რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დიდი ხანია, გასული არიან საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. ნეგატიური შედეგები ამ პროცესის არ იქნება. ეს იქნება კარგი პოლიტიკური პროცესის და, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის. ყველა მათგანს, ვინც გარედან ამ პროცესს აკრიტიკებს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, ეს არის ვიწროპოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კრიტიკა და არაფერი საერთო არ აქვს ან ქართულ დემოკრატიასთან, ან კონსტიტუციასთან. პირიქით, ეს არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და დარღვევა ყველა იმ ძირითადი ფუნდამენტური ნორმების, საერთაშორისო სამართლის თუ ევროპული ღირებულებების. საერთაშორისო სამართალი ან ევროპული ღირებულება რა არის? ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, შიდა საქმებში ჩარევისგან თავშეკავება და სამართლებრივი პროცესის პატივისცემა. როდესაც ერევი სხვის საქმებში, როდესაც არ სცემ პატივს სხვის სასამართლო საქმეებს და მართლმსაჯულებას ზოგადად, აიძულებ, გარკვეული ვიწროპოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, ამას ვერანაირად ვერ მივიღებთ. საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არა საგარეო პოლიტიკური აქტორების კონიუნქტურით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ ვხსნით, რასთან გვაქვს საქმე.

„როდესაც კითხულობენ, ამ ძალებმა ასეთი რა დააშავეს, რის გამოც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსასჯელის სკამზე სხედან, საპირისპირო კითხვასაც ვსვამთ: ასეთივე ძალები თავიანთ ქვეყნებში როგორ უნდა მოიხსენიონ? არიან თუ არა ასეთი ის ძალები, რომლებიც გამუდმებულ რეჟიმში ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს ფიზიკურად, აქ არ არის საუბარი სიტყვიერ და პოლიტიკურ ოპოზიციონერობაზე, ფიზიკურად ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, ფიზიკურად ესხმიან თავს ყველანაირ საზოგადოებრივ ჯგუფებს, არ მონაწილეობენ არჩევნებში, თუ მონაწილეობენ, შემდგომ უარს ამბობენ არჩევნების აღიარებაზე. ასეთ ძალებს ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში ჰქვიათ რადიკალური არაკონსტიტუციური ძალები. სწორედ ამიტომ იყო აკრძალული რამდენიმე მათგანი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და ეს არის სრულიად ბუნებრივი. გასაკვირი ის კი არ არის, ვინმე სადმე იქნა აკრძალული ევროპულ ქვეყანაში, გასაკვირია, რომ საკუთარ ქვეყანაში ასეთ პოლიტიკურ ძალებს კრძალავენ და ჩვენ დაბალი ღობე ვგონივართ და რატომღაც თავშეკავებისკენ მოგვიწოდებენ. თავშეკავებამ ამდენი წლის განმავლობაში მოიტანა ერთადერთი შედეგი: უფრო მეტი ძალადობა, მეტი რადიკალიზაცია ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ თავშეკავების დრო დასრულდა, აუცილებელია აქტიური სამართლებრივი ნაბიჯები ამ ტიპის არაკონსტიტუციური ძალების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი