ლევან მახაშვილი - ყველა ნორმალური აქტორის სურვილია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს, ისევე როგორც საქართველოსა და ამერიკას შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს
ჩვენი მიზანია, ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ნორმალური აქტორის სურვილია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ისევე როგორც საქართველოსა და ამერიკას შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს.
„საუბარი ორმხრივი ურთიერთობების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას შეეხებოდა. საუბარი ყველა თემაზე იყო, რაც ქართულ თუ ფრანგულ მხარეს შეიძლება აწუხებდეს. შეთანხმება იყო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და ორივე მხრიდან მცდელობა იქნება, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჯანსაღ, ნორმალურ პროცესს. კომუნიკაცია კიდევ იქნება და ვნახავთ, პროცესები როგორ განვითარდება. ჩვენი მიზანია, ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ. ყველა ნორმალური აქტორის სურვილია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ისევე როგორც საქართველოსა და ამერიკას შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს. ეს ლოგიკა სურვილები არ არის, ეს არის იმ ინტერესებიდან, რაც დღეს მსოფლიო არენაზე ხდება. რა თქმა უნდა, ზარი შეგვიძლია მივიჩნიოთ სურვილად და ძალისხმევად, რომ ნორმალურ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ. სადაც ამის რესურსი არსებობს, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.