ლევან მახაშვილი - ყველა დონეზე მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს, დანარჩენი მატრაკვეცობაა, მით უმეტეს, იმ ძალისგან, რომლის ლიდერმაც, ვიცით, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც გააკეთა
ლევან მახაშვილი - ყველა დონეზე მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს, დანარჩენი მატრაკვეცობაა, მით უმეტეს, იმ ძალისგან, რომლის ლიდერმაც, ვიცით, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც გააკეთა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ თუ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ რეზოლუციის პროექტის დაინიცირებას, რომლითაც რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე რეაგირებას ითხოვს.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ „ეს არის უპასუხისმგებლო კეკლუცობა და სენსიტიური საკითხით მატრაკვეცობა“.

„საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს როგორც ოკუპაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ ქმედებებთან მიმართებით, იქნება ეს პოლიტიკურ დონეზე თუ რუსულ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოების დონეზე. ყველა დონეზე, სადაც შეგვიძლია, პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამართლებრივად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ოკუპაცია დასრულდეს. ამის იქით ყველაფერი პოლიტიკური მატრაკვეცობაა. მით უმეტეს, იმ ძალის მხრიდან, რომლის ლიდერმაც, კარგად ვიცით, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც გააკეთა“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.