ლევან მახაშვილი – ვიდრე მარტა კოსი ბრიუსელის ფანჯრიდან გამოიხედება და მხოლოდ მონტენეგროს დაინახავს, სჯობს, საქართველოში ჩამოვიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა რისკების წინაშეა ქვეყანა
მგონი, მარტა კოსისთვის საქართველო საერთოდ არ არსებობს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ისე დაფრინავს, შეიძლება, ვერც ხვდება, რომ საქართველოს უნდა გადაუფრინოს. მისგან გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტში ახალი არაფერია.
„თავად ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ე.წ. ხელშეკრულებების ცვლილებების გარეშე უნდა იყოს, რაც წარმოუდგენელია. ბევრი თარიღი გვინახავს, ხან 2022 წელი იყო გადამწყვეტი, ხან – 2026. როგორც ჩანს, ეს ასე გაგრძელდება და იქამდე მივა, რომ 2045 წელი იქნება. ვნახავთ, სიტყვების ნაცვლად, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ევროკავშირის მხრიდან. მივესალმებით შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეძლებისდაგვარად დაიცალოს პოლიტიკური, თუ ანგარიშსწორებითი მიდგომებისგან და მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ესა თუ ის ქვეყანა დგამს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ლევან მახაშვილის განმარტებით, გაფართოების პოლიტიკა დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე.
„ამ პროცესში საქართველოს „ბრალია“ ის, რომ ომის ფერხულში ჩართვა არ გადაწყვიტა. დღეს საქართველო მშვიდობის ფასს იხდის, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებას და თავდასხმას ხედავს. საქართველო მონტენეგროს მეზობელი რომ ყოფილიყო, შეიძლება, სხვა გადაწყვეტილებები მიგვეღო, მაგრამ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ მონტენეგროს ან შვეიცარიის მეზობელი არ ვართ და ვერ ვიქნებით. იმ რეგიონში ვართ, სადაც ვართ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ რეგიონული ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის სანქციების მიერთების საკითხზე, უკრაინის ომში უფრო ხისტი პოზიციების დაკავების თვალსაზრისით, ასევე ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან ხისტი პოზიციების დაკავების მიმართულებით. არასწორია საქართველოს შედარება მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, თუ სხვასთან, რადგან ჩვენ განსხვავებულ რეგიონში ვართ. სამწუხაროდ, ჩრდილოეთით ის მეზობელი გვყავს, ვინც გვყავს. ხვალ ეს ჩრდილო მეზობელი ოკეანე ვერ გახდება, სამწუხაროდ, ისევ ის იქნება. საქართველო გადაწყვეტილებებს იღებს იმის გათვალისწინებით, სად ვიმყოფებით, როგორი მეზობელი გვყავს და ა.შ.
ვიდრე მარტა კოსი ბრიუსელის ფანჯრიდან გამოიხედება და იქიდან მხოლოდ მონტენეგროს დაინახავს და საქართველოს ვერა, რომელიც შავი ზღვის მეორე მხარესაა, სჯობს, საქართველოში ჩამოვიდეს და „ესპრესოს“ თბილი და გემრიელი ყავით, იქნებ, რეგიონი ლამაზად დაინახოს – საქართველოში ჩამოვიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა ხდება, რა რისკების წინაშეა ქვეყანა. ეს ადამიანი საქართველოში ნამყოფიც არ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.