ლევან მახაშვილი - USAID-ის და სხვა ფონდების დაფინანსების სქემები რეალურად გამიზნული იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების ამოსატრიალებლად
USAID-ისა და სხვა ფონდების დაფინანსების სქემები რეალურად გამიზნული იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების ამოსატრიალებლად – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, USAID-ი ოდესღაც ბევრი ქვეყნისთვის იმედის მიმცემი იყო, თუმცა ახლა არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად გადაიქცა.
„USAID-ი ოდესღაც ბევრი ქვეყნისთვის იმედის მომცემი იყო. თუმცა რასაც ახლა ვაკვირდებით და საზოგადოებამ გამჟღავნებული დოკუმენტებიდან ნახა, ფაქტობრივად, USAID-ი არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად და ლეღვის ფოთლად გადაიქცა იმ უკანონო საქმიანობების დასაფარად, რომლებსაც საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა აწარმოებდნენ. ამას ამბობს არა ლევან მახაშვილი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამის უკან კიდევ რამდენი რამეა, რაც ჯერ საჯარო არ არის და პროცესი წინ გვაქვს. USAID-თან დაკავშირებული სკანდალი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება.
USAID-ის და სხვა ფონდების დაფინანსების სქემები რეალურად გამიზნული იყო, რომ საქართველოს საარჩევნო და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესები დამახინჯებულიყო და ამოტრიალებულიყო. საქართველოში ფული უკანონო პოლიტიკურ საქმიანობაში აღარ დაიხარჯება, ხოლო მედიას მიეცემა საშუალება, იყოს დამოუკიდებელი და ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული. USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა სასარგებლო პროექტები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ერთგვარ შირმად და ფარად გამოიყენებოდა. ასევე იყო პროექტები, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიდა“, – აღნიშნა მახაშვილმა.