ლევან მახაშვილი - სუს-ის განცხადების მთავარი არსია, რომ ყველაზე ცუდი სცენარები თავიდან იყოს არიდებული
ლევან მახაშვილი - სუს-ის განცხადების მთავარი არსია, რომ ყველაზე ცუდი სცენარები თავიდან იყოს არიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მახაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მთავარი არსია, ყველაზე ცუდი სცენარები თავიდან იყოს არიდებული.

„ეს პრევენციული ხასიათის განცხადებებია. ეს განცხადებები, მათ შორის, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს. მხოლოდ გამიხარდება, თუ მსგავსი საფრთხეები არ რეალიზდება. სხვათა შორის, ვისზეც განცხადებაა გათვლილი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ტყუილი და არ ენდობიან, დაე, ასე იყოს – ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს სცენარები არ ახდეს“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას“.

უწყების მიერ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი“.