ლევან მახაშვილი – შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ ავაშენოთ

12:21, 21.07.2026

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ დონალდ ტრამპის წერილსა და ოპოზიციის გამოხმაურებაზე.

„ამ წერილის შემდეგ, შეიძლება, მათ ძილი გაუქრათ და დაეკარგათ. ფაქტი, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს, განურჩევლად იმისა, ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას, დაკნინებას. ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, რასაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვა როგორც შეხვედრების, ვიზიტების, გადაწყვეტილებების დონეზე. ჩვენ და პრემიერ-მინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველოს ინტერესების დაცვით და, რაც მთავარია, ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე. დანარჩენი სამუშაო პროცესია. ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული. დანარჩენი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ პროცესზე. მთავარია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ის ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ავაშენოთ, რომელიც, იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ეს 100-პროცენტიანი, გარანტირებული პროცესი არ არის, სამუშაო პროცესია. ვეძებთ საერთო გადაკვეთის, ინტერესის წერტილებს. იმედია, ასეთი საერთო ინტერესების წერტილები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას ამაზე დავაშენებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. დონალდ ტრამპმა წერილში აღნიშნა: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

მსგავსი