ლევან მახაშვილი - საქართველო ევროპის სივრცის ბუნებრივი ნაწილია და სპეკულაცია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული ან დაპაუზებულია, მხოლოდ მანიპულაციაა
ლევან მახაშვილი - საქართველო ევროპის სივრცის ბუნებრივი ნაწილია და სპეკულაცია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული ან დაპაუზებულია, მხოლოდ მანიპულაციაა

საქართველო ევროპის სივრცის ბუნებრივი ნაწილია და სპეკულაცია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული ან დაპაუზებულია, მხოლოდ მანიპულაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციისთვის იყენებენ.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციისთვის იყენებენ. ეს იქამდეც კი მივიდა, რომ გაფეტიშებულ პოლიტიკურ პროცესად იქცა და შეუძლებელი იყო რაიმე ევროპული სახის საკანონმდებლო აქტის ისე გადმოტანა, რომ ამას პოლიტიკური ხმაური არ მოჰყოლოდა. შემდეგ წლებში მსგავსი სახის პოლიტიკური ფეტიშიზმის თავიდან ასარიდებლად და რეალურ ნაბიჯებზე ფოკუსირებისთვის არ დავაყენებთ ევროკავშირის ერთ-ერთი ეტაპის – მოლაპარაკებების პროცესის საკითხს.

რამდენიმე მსგავსი ეტაპია. უფრო მეტიც, მზად ვარ, ჩვენივე რესურსებით ის ეტაპები განვახორციელოთ, რაც როგორც წესი, ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების მიერ ფინანსდება. შემდეგ ოთხ წელს ეკონომიკას, კანონმდებლობას და სტაბილურ ინსტიტუტებს სრულად საქმიან პროცესს დავუთმობთ. მათ თუ სურვილი აქვთ, რომ მოლაპარაკებები გახსნან, რა თქმა უნდა, ამ პროცესში სიამოვნებით ჩავერთვებით. შემდეგ ოთხ წელს შედეგზე ორიენტირებულ პროცესს დავუთმობთ. ვისაც სურვილი აქვს ამ პროცესში ჩაერთოს, ჩავრთავთ. „ქართული ოცნების“ 12-წლიან საქმიანობას უნდა გადახედოთ და შეფასებები უნდა გაკეთდეს საქმით და არა განცხადებებით“, – განაცხადა მახაშვილმა.

მახაშვილმა აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების 90% იქნება შესრულებული.

„დრომ აჩვენა, რომ მაშინ, როცა რუსეთუმეობას და კრემლის აგენტობას გვაბრალებდნენ, ჩვენ ისტორიული მიღწევები და მემკვიდრეობა მოვიპოვეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი თუ კანდიდატის სტატუსი. დრო აჩვენებს, რომ ჩვენი ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობას ემსახურება. ამის მაჩვენებელია განვლილი გზაც. პარლამენტიც და მთავრობაც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე აქტიურად ვმუშაობთ, 50% უკვე შესრულებულია და ეს ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯია.

მომავალი ოთხი წელი იმაზე ვიმუშავებთ, რომ 2028 წლისთვის 90% შესრულებული იყოს, ეს ცარიელი სიტყვები არ არის, რადგან 90%-ის შესრულება ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იქნება მიღწეული და ქვეყანა სათანადოდ იქნება მომზადებული, რომ მოლაპარაკებები 2030 წლისთვის წევრობით დასრულდეს. ნაცვლად იმისა, რომ სიმბოლურ ნაბიჯებზე ვფოკუსირდეთ, ჩვენი მოტივაციაა, რეალურ საქმეზე ვიზრუნოთ. ეს ის კანონმდებლობაა, რაც ქართულში უნდა გადმოვიტანოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.