ლევან მახაშვილი - საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს
ლევან მახაშვილი - საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებისთვის, რაც ხელს უშლის, როგორც ამ ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე იმას, რომ საზოგადოების წევრებმა იფიქრონ მოქალაქეების საჭიროებების გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეას სიტყვით მიმართავს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს ოკუპაციაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, ვინაიდან ოკუპაციას თან ახლავს მთელი რიგი პრობლემები, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებას ხელს უშლის, ადამიანების ცხოვრებას ხელს უშლის. გარდა ამისა, კახა კუჭავა ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და შესაძლებელი გახდეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე რუსული ოკუპაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მსჯელობენ.

„ორმხრივი შეხვედრებს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე და იმაზე, თუ რა ნეგატიური შედეგები აქვს მას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს რუსული ოკუპაცია. და მეორე – ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, როგორც გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ვხვდებით ჩვენს მეგობრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და რაც ძალიან სასიამოვნოა, არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.