ლევან მახაშვილი - სუს-ის მაღალ პროფესიონალიზმზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ საქმე ფაცაფუცით და გადარბენით არ კეთდება, საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს
ლევან მახაშვილი - სუს-ის მაღალ პროფესიონალიზმზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ საქმე ფაცაფუცით და გადარბენით არ კეთდება, საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო მშვიდობას ინარჩუნებს და ამავე დროს ეკონომიკური პროგრესისთვის გარემოს ქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით,  სუს-ის ანგარიშში ყველა საფრთხეა მიმოხილული, რაც შიდა თუ გარე ფაქტორებს უკავშირდება.

„დახურულ ფორმატში უფრო სიღრმისეული განხილვა გვექნება, მაგრამ სუს-ის ანგარიში არ სჭირდებოდა და საზოგადოებისთვის ნათელი იყო, თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე, როცა გასულ წელს სხვადასხვა ძალა სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევას, ჩამოშლას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა. ამისთვის დახურული ანგარიშები სულ არ არის საჭირო, ხელისგულზე იყო საზოგადოებისთვის გასულ წელს მიმდინარე პროცესები. რასაც სუს-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ფაქტობრივად, ეს მიმოხილვაა, რასაც გასულ თვეებში ჩვენი თვალებით ვუყურებდით. სხვადასხვა საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. სწორედ ამას უკავშირდება ცალკეულ ფონდებში საგამოძიებო პროცესების ჩატარება. როცა ვსაუბრობთ, რომ სუს-ი მაღალი პროფესიონალიზმით ეკიდება საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ფაცაფუცით და გადარბენით არ კეთდება – პროკურატურასა და სხვა უწყებებთან ერთად მტკიცებულებების მოძიება ხდება. მიმდინარე საქმეებია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს“, – განაცხადა მახაშვილმა.