ლევან მახაშვილი - ოპოზიციას არც ლიდერი ჰყავს და არცერთ პარტიას არ აქვს ისეთი ნდობა, რის გარშემოც გაერთიანება შესაძლებელია, ამიტომ ულიდერობას, უნდობლობასა და უგეგმობას ვხედავთ
ოპოზიციაში რასაც ვხედავდით, რადიკალური გეგმის გარშემო ხელოვნური ერთობა იყო, ეს გეგმა ჩაიფუშა და ახლა ყველა ცდილობს, ამ სიტუაციაში თავს უშველოს, გაიქცეს და თავი გადაირჩინოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისუფლად მანევრირების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან თავიანთი ამომრჩეველი ისე დაძაბეს და დათრგუნეს, პოლიტიკურ ველზე კონსტრუქციული შემოსვლა რომ სცადონ, მათგან რისხვას მიიღებენ.
„ამ ქაოსიდან, მათ შორის უცხოური ინსტრუქციებიდან, მათი მხარდამჭერებიდან წამოსული სურვილებით ცდილობენ, რაღაც გზა იპოვონ. ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი ლიდერი მანამდე იქნებოდა, სანამ დასჭირდებოდათ. როგორც კი გამოიყენებდნენ და მისი რესურსი ამოწურული იქნებოდა, პოლიტიკურად სანაგვეზე მოისროდნენ და ახლა ამ პროცესს ვხედავთ. ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ არც ლიდერი ჰყავთ და არცერთ პარტიას ისეთი ნდობა არ აქვს, რის გარშემოც გაერთიანებაა შესაძლებელი. ამიტომ ულიდერობას, უნდობლობას და უგეგმობას ვხედავთ. როცა ეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არსებობს, გაერთიანება რთულია“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.