ლევან მახაშვილი - ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, საზოგადოება პოლიტიკობანას თამაშით დაიღალა
ლევან მახაშვილი - ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, საზოგადოება პოლიტიკობანას თამაშით დაიღალა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის ამ მიზნის მისაღწევად.

მახაშვილის თქმით, საზოგადოება პოლიტიკობანას თამაშით დაიღალა.

„ამ ხალხს არც სიტყვა დაეჯერება, არც დაპირება, არც გეგმა აქვთ მოსახლეობისთვის. საზოგადოებას ჩოგბურთის – ტიკი-ტაკას თამაშის რეჟიმში ამყოფებენ. ამ პოლიტიკური ჯგუფების ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და თუ საჭირო იქნება, იტყვიან, რომ რაღაცას ეწინააღმდეგებიან, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. თუ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობ, პარლამენტს რას ერჩიან? აქ ტყუილ-მართალი სად არის? სინამდვილეში, არსებული ვითარებიდან ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. ყველა ოპოზიციის ლიდერად ცდილობს თავის წარმოჩენას, რადგან ეს ნიშა თავისუფალია. ამ პოლიტიკურმა ძალებმა საბედისწერო პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებას როცა იღებ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ცდილობ, მაშინ პარლამენტში რატომ არ შედიხარ? როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა პარლამენტში არ შემოვიდნენ და შედეგები არ აღიარეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.