ლევან მახაშვილი - ოპოზიციას რეალურად თუ აინტერესებდა ერთად მუშაობა, საქმიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, შეეძლო, ეს პარლამენტში გაეკეთებინა, ახალი ველოსიპედის გამოგონება უფრო ხავსს მოჭიდებაა
ოპოზიციას რეალურად თუ აინტერესებდა ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და საქმიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, შეეძლო, ეს პარლამენტში გაეკეთებინა. ამის იქით რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება უფრო ხავსს მოჭიდებაა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეინარჩუნონ თავი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ოპოზიციაში გადალაგება-გადმოლაგებას თუ ახალი პარტიების ჩამოყალიბებას რაიმე კონკრეტული შედეგი არ ექნება.
„ეს ალბათ უფრო ახალი ველოსიპედის გამოგონებაა. მათ რაიმე გაერთიანების, ერთად მუშაობის ან სხვა რამის სურვილი თუ ჰქონდათ, შეეძლოთ, პარლამენტში ემუშავათ. ხელისუფლებაზე კონტროლის ბევრად ძლიერი საპარლამენტო ბერკეტები ექნებოდათ საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებით. მათ რეალურად თუ აინტერესებდათ ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და საქმიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, შეეძლოთ, ეს პარლამენტში გაეკეთებინათ. ამის იქით რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება უფრო ხავსს მოჭიდებაა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეინარჩუნონ თავი. ალბათ ხვალ, ზეგ და მაზეგაც სხვა ტიპის ახალ ინიციატივებსაც ვიხილავთ – გადალაგებას, გადმოლაგებას და ახალი პარტიების ჩამოყალიბებას, კიდევ ერთხელ მცდელობას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რელევანტურობა შეინარჩუნონ. მაგრამ არ მგონია, ამან რაიმე კონკრეტული შედეგი გამოიღოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ძლიერი შედეგი ნამდვილად ვერ ექნება, რაც შეიძლება პარლამენტში მათ ყოფნას ჰქონოდა. ხედავენ, რომ ამ პოლიტიკური პარტიის სახეები სრულად დისკრედიტირებული არიან და ცდილობენ ისეთი სახის გამოყენებას, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციისთვის, ამ ტიპის ამომრჩევლისთვის შეიძლებოდა ხავსის მოჭიდება ყოფილიყო. ალბათ ამიტომ ებღაუჭებიან სალომე ზურაბიშვილის სახელს, თუმცა ერთია აისბერგის თავი და მეორეა აისბერგის ძირი. ერთიც და მეორეც ერთიანი სხეულის ნაწილია და არ მგონია, ამან რაიმე შედეგი გამოიღოს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა“. მისივე თქმით, დღეს არა კონკურენციის, არამედ ერთად ყოფნის დროა.