ლევან მახაშვილი - „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობრები მარცხს აიგნორებენ, ევროპარლამენტში ჯანსაღი ძალებიც არიან, მზად ვართ, მათთან ურთიერთობების გაგრძელებისთვის ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე
ლევან მახაშვილი - „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობრები მარცხს აიგნორებენ, ევროპარლამენტში ჯანსაღი ძალებიც არიან, მზად ვართ, მათთან ურთიერთობების გაგრძელებისთვის ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე

არასერიოზულია ორ კვირაში ერთხელ ევროკავშირის ინსტიტუტებში ისეთი დოკუმენტების ინიციირებაზე კომენტარის გაკეთება, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტალური მარცხის გამო მათთვის ნამუსის მოწმენდას ემსგავსება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის არჩევნები ერთგვარი თვითრეფლექსია უნდა იყოს, გააზრება, თუ რა შეცდომები დაუშვეს წარსულში და რისი გაკეთება შეიძლება უკეთ მომავალში.

„ევროკავშირის ინსტიტუციებს პატივს ვცემთ, მათ შორის ევროპარლამენტს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციებში მიმდინარე პროცესები, თუმცა, ამავე დროს, არასერიოზულია ორ კვირაში ერთხელ ისეთი დოკუმენტების ინიციირებაზე კომენტარის გაკეთება, რომელიც ემსგავსება „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტალური მარცხის გამო მათთვის ნამუსის მოწმენდას და სახის შენარჩუნებას. არჩევნები ერთგვარი თვითრეფლექსია უნდა იყოს, იმის გააზრება, თუ რა შეცდომები დაუშვეს წარსულში და რისი გაკეთება შეიძლება უკეთ მომავალში. იმის ნაცვლად, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მეგობრებმა გაიაზრონ ის შეცდომები, რაც დაუშვეს და მარცხი აღიარონ, ვხედავთ, რომ მარცხს აიგნორებენ და საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ადანაშაულებენ, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“. ევროპარლამენტში ჯანსაღი ძალებიც არიან და მზად ვართ, მათთან ურთიერთობების გაგრძელებისთვის ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.