ლევან მახაშვილი - მოლოდინია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს საქმიანად მიუდგებიან და კითხვა თუ ექნებათ, ქართულ მხარესთან გადაამოწმებენ
ლევან მახაშვილი - მოლოდინია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს საქმიანად მიუდგებიან და კითხვა თუ ექნებათ, ქართულ მხარესთან გადაამოწმებენ

საქმიან და მუშა დოკუმენტში რამდენიმე თავის ქვეშ გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ეს ინფორმაცია კონსტრუქციული ფორმით ევროკომისიას გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ ევროკავშირის მხარე ამ პროცესს საქმიანად მიუდგება, დეტალურად შეისწავლის და რაიმე მონაცემებზე კითხვა თუ ექნებათ, ქართულ მხარესთან გადაამოწმებენ.

„რაც მთავარია, ამ საკითხს პოლიტიკური მანიპულაციების უკან, საქმიანად განვიხილავთ. ეს ჩვენი მოლოდინი და სურვილია. ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები არიან, ვისაც უნდათ, რომ ეს საკითხი შანტაჟის საგნად აქციონ. იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ზოგიერთი ასეთ მანიპულაციებს მიმართავს, მაგრამ იმედია, ბრიუსელი შეცდომას არ დაუშვებს და საქმიან ურთიერთობას დავიწყებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიას დადგენილ ვადაში, 31 აგვისტოს მიეწოდა ანგარიში კომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.