ლევან მახაშვილი - კონსტიტუციური ჩანაწერი ცალსახად ამბობს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის საბოლოო ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა, დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია
ლევან მახაშვილი - კონსტიტუციური ჩანაწერი ცალსახად ამბობს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის საბოლოო ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა, დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია

კონსტიტუციური ჩანაწერი ცალსახად ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის თვალსაზრისით დანიშნულების საბოლოო ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა, დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ემხრობა.

„ჩვენ მოსახლეობის ნებას აღვასრულებთ, რასაც ის გადაწყვეტს, ამას მივესალმებით და განვახორციელებთ. რაც შეეხება საკითხს, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, ამ თემაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი. ამ მიმართულებით თუ საჭიროებაა, მზად ვიქნები, მეც და ჩემი კოლეგებიც ამ დისკუსიაში ჩავერთოთ. საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა, პირიქით, ღია დებატები უნდა იყოს ნებისმიერ საკითხზე, რომ საზოგადოება მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, კონკრეტული არგუმენტებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, შეიძლება სხვა მოსაზრება მქონდეს, ვიდრე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებს, თუმცა, ზოგადად, ვეთანხმები ნებისმიერ საკითხზე ღია დისკუსიებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა“.