ლევან მახაშვილი - კონკრეტული ძალების რეალური მიზანია პოლიტიკური ქულების დაწერა, ისინი ყველაფერს აკრიტიკებენ, რადგან აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა არ უნდათ
ლევან მახაშვილი - კონკრეტული ძალების რეალური მიზანია პოლიტიკური ქულების დაწერა, ისინი ყველაფერს აკრიტიკებენ, რადგან აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა არ უნდათ

ნაცვლად იმისა, პარტნიორობისთვის მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ, კონკრეტული ძალების მიზანია, ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებები შეამცირონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, ამ ძალების რეალური მიზანია პოლიტიკური ქულების დაწერა.

„საქართველოსა და ამერიკის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია, რომ ეს ურთიერთობები კონკრეტული დღის წესრიგით და თანამშრომლობით გადავტვირთოთ. მიმდინარე ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ საერთო გადაკვეთის ის წერტილები ვიპოვოთ, რის საფუძველზეც ახალი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგება და ურთიერთობის ახლიდან დაწყება მოხდება. ამის პარალელურად, კონკრეტული ძალების ძალისხმევას ვხედავთ, რომ ეს პროცესი დააზიანონ. ზოგიერთი ქართველი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, პარტნიორობისთვის მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ, მათი მიზანია, ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებები შეამცირონ. ამ ძალების რეალური მიზანია არა მართლა ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ პოლიტიკური ქულების დაწერა. ეს ადამიანები ყველაფერს აკრიტიკებენ, რადგან ამ ურთიერთობების გადატვირთვა არ უნდათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.