ლევან მახაშვილი - კომისიის მანდატის გახანგრძლივების გადაწყვეტილება დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოსთან და არა იმასთან, რომ ვინმეს სურვილი აქვს, ამ ტიპის ოპოზიციას არჩევნებში შევებათ
საგამოძიებო კომისიას ფაქტების შესწავლისთვის რაც უფრო მეტი დრო ექნება, მით უფრო მეტი შანსი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დასრულების, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება დაკავშირებულია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და არა იმასთან, რომ „ამ ტიპის ოპოზიციასთან“ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არსებობს.
„ჩვენი გადაწყვეტილება დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოსთან და არა იმასთან, რომ ვინმეს განსაკუთრებული სურვილი ან ინტერესი აქვს, რომ ამ ტიპის ოპოზიციას არჩევნებში შევებათ. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ვაპირებდით გარკვეულ ვადებში, თუმცა საკითხის დასრულება ამ ვადებში ვერ ხერხდება, რადგან საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. მოსახლეობისგან დიდი ინტერესი და სურვილია, რომ მათი საქმეების შესწავლა მოხდეს და ამიტომ საგამოძიებო კომისიის მანდატი გახანგრძლივდება. იმის გამო, რომ ვადები ემთხვევა, რათა ვინმემ ადგილობრივი არჩევნების დისკრედიტაცია არ მოახდინოს, რასაც უკვე აკეთებენ, ამის გამო ერთი-ორი თვით სარჩელის წარდგენის პროცესს გადავდებთ და არჩევნებში კითხვის ნიშნების გარეშე შევალთ და წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილსაც ბოლომდე მივიყვანთ. საკითხის გადადების მიზანი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეთ არა ფაციფუცით და დაჩქარებით, არამედ დამაჯერებლად, რომ ამ საქმეს წარმატებით დავასრულებთ. საგამოძიებო კომისიას ფაქტების შესწავლისთვის რაც უფრო მეტი დრო ექნება, მით უფრო მეტი შანსი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის დასრულების“, – განაცხადა მახაშვილმა.