ლევან მახაშვილი – ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი დანაშაულია, ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას

16:54, 26.11.2026

ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას. ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში, – ამის შესახებ  პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მახაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „პოლიტიკურ პატიმრად“ ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული.

„ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.

დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა“, – დაწერა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მსგავსი