ლევან მახაშვილი – იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში აშშ-თან ურთიერთობის სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავლისმთქმელი განცხადება გაკეთდა. ეს ახალი არ ყოფილა, რადგან ამ დეტალებზე საუბარი გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, რაც შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა.
„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენს კოლეგებთან ერთად შევხვედროდით, თითოეული დეტალი გაგვევლო და გასული თვეების განმავლობაში ამ ურთიერთობის ერთგვარი პროგრესი დაგვენახა. ასევე, გვესაუბრა იმაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეთ. პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, ეს ამ შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა. ეს იქნება პოლიტიკური მიმართულებები, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება თუ სხვა სექტორები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა. პრაქტიკულად, ეს ურთიერთობები დღეს აღდგენილია, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე. ამ ვიზიტმა და შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გამიმყარა იმედი, რომ ჩვენ ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას შევძლებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიმართ სწორი გზავნილია გაკეთდა.
„რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ამაზე ძალიან ღრმად და დიდი ხანი ისაუბრეს. ამიტომ საინტერესოა მათი მოსაზრებები რეალურად, რა თქვეს და როგორ თქვეს. ამერიკის მხარემ თავისი შეხედულებები გაგვიზიარა და ეს სრულიად ბუნებრივია. ყველა პატრიოტი, ჯანსაღად მოაზროვნე და მოფიქრალი პოლიტიკური ძალისთვის კონსტიტუციური წესრიგი, წესი და ჩარჩო უპირველესია. არ არის ბუნებრივი და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალები საპარლამენტო მანდატებზე, მხარდაჭერაზე ამბობენ უარს და ცდილობენ, ეს პროცესი ქუჩაში გადაიტანონ. ამერიკის მხარესაც აქვს ლოგიკური და ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და, რამდენადაც ვიცი, ეს გზავნილები ძალიან მკაფიოდ იყო გადაცემული ოპოზიციის მიმართაც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.