ლევან მახაშვილი - გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან ადამიანები, კონგრესმენები, ვინც ურთიერთობის გადატვირთვას შანსს აძლევენ და პროცესს საღად უყურებენ
ლევან მახაშვილი - გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან ადამიანები, კონგრესმენები, ვინც ურთიერთობის გადატვირთვას შანსს აძლევენ და პროცესს საღად უყურებენ

მცდელობა იყო, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაეზიანებინათ და ჩვენთვის ამ თვალსაზრისით „მეგობარი აქტი“ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო, მაგრამ სხვა მხრივ მას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცდელობები გაგრძელდება, რომ იმავე მიზნით და მოტივაციით ის ნაბიჯები გადადგან, რამაც შეიძლება დააზიანოს ორმხრივი ურთიერთობები.

„შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მათი მცდელობები დასრულდება. ეს კონკრეტული მონაკვეთი დასრულდა, თაროზე შემოიდო და სინათლეს ვერ იხილავს, მაგრამ მსგავსი დამაზიანებელი ნაბიჯები გაგრძელდება. იმედიანად ვართ განწყობილი. გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, არიან კონგრესმენები, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან ადამიანები, ვინც ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას შანსს აძლევენ და ამ პროცესს საღად უყურებენ. ამერიკის ინტერესები არ არის რაღაც იდეოლოგიის ქვეშ რომელიმე ქვეყანაზე შტურმი, პირიქით, ჯერ რასაც ვხედავთ, მათი ინტერესია, ყველა სახელმწიფოსთან საერთო ინტერესების კონტურები გამოიკვეთოს. როგორც ჩანს, ეს მონაკვეთი დასრულდა, მაგრამ ალბათ ის დამაზიანებელი მოქმედებები გაგრძელდება, რაც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ვიხილეთ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.