ლევან მახაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს საბოლოოდ დაესმება წერტილი და ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ურცხვად ავრცელებდნენ
ლევან მახაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს საბოლოოდ დაესმება წერტილი და ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ურცხვად ავრცელებდნენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საბოლოოდ დაესმება წერტილი არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს და ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები უხეშად ავრცელებდნენ.

„პროკურატურა არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ასპექტს სწავლობს, მათ შორის არის ადგილობრივი დამკვირვებლების საქმიანობა. ეს ორგანიზაციები იყვნენ იმის ავანგარდში, ვითომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყველა ასპექტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის შედეგად საბოლოოდ დაესმება წერტილი იმ მანიპულაციებს, რომლებიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ასევე ფარდა აეხდება იმ ტყუილს, რასაც ეს ორგანიზაციები ასე უხეშად და ურცხვად ავრცელებდნენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ისფედში“ განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.