ლევან მახაშვილი – გრიგოლ გეგელია სასამართლომ მარტო დღეს ორჯერ გააჩერა დემაგოგიაში გადასვლის გამო, ყველაფერი უარყვეს, რა პოლიტიკური აქტივობაც ჰქონდათ გასული წლები, კარგად გვახსოვს, რას ითხოვდნენ
საკონსტუტიციო სხდომებს კარგი რაც აქვს, არის ის, რომ ყოველ საღამოს შეგვიძლია, რაღაც პატარა სიუჟეტები მოვამზადოთ, რას ამბობდნენ აქამდე და რას ამბობენ ახლა, სასამართლო სხდომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„გრიგოლ გეგელია, თუ არ ვცდები, მარტო დღეს ორჯერ გააჩერა სასამართლომ დემაგოგიაში გადასვლის გამო და სთხოვა, დაბრუნებოდა კონკრეტულ თემას. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს განხილვები, მცდელობაა, გასული სამი-ოთხი-ხუთი წელი, რა პოლიტიკური აქტივობაც ჰქონდათ, რაც თქვეს, ხელი რას მოაწერეს, რას ითხოვდნენ, ყველაფერი 180°-ით უარყვეს ამ 15 დღის განმავლობაში, თუკი რამე უთქვამთ და გაუკეთებიათ. ერთი კარგი, რაც აქვს ამ სხდომებს, არის, რომ ყოველ საღამოს შეგვიძლია, რაღაც პატარა სიუჟეტები მოვამზადოთ, რას ამბობდნენ აქამდე და ახლა, სასამართლო სხდომაზე რას ამბობენ. ყველაფერი კარგად გვახსოვს, რას ითხოვდნენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ამასთან, ლევან მახაშვილი სალომე სამადაშვილის მიერ დადებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
„ვიდეო, რაც დადო სალომე სამადაშვილმა, ახლა რომ შეიცხადა, არაფერ შუაში არ არისო, რას ითხოვდა მაშინ უკრაინის პრემიერ მინისტრი? მოდით, ჩავხედოთ, რას ითხოვდა. შევეცადე, გამეხსნა და მენახა, ზუსტად რა წერია, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, რას ამბობს პოსტში, რომელიც სხვათა შორის, ქართულად დაწერა მაშინაც, „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან“ და მასე იყო. საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს მონიშნული და წერს, „იმედია, გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, უკრაინა ამას ელოდება“. მერე, ქვემოთ მეორე პოსტი მიუძღვნა ასევე „თავისუფლებამოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარე თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“. ამას გამოეხმაურა სწორედ სალომე სამადაშვილი და ამას უკრიტიკებდა ხელისუფლებას, თქვენ როგორ ბედავთ, მიმდგარია იქ რუსეთი და არ ეხმარებით, აპირებთ თუ არა ბრძოლას ამ ქვეყნისთვისო“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ხუთი წლის მერე, როდესაც საზოგადოებამ ნახა, რა ცეცხლში გაიარა ამ ქვეყანამ და ხელისუფლებამ როგორ მოახერხა რაღაც სასწაულად გადარჩენა საფრთხეებისგან, ამის ფონზე რომ კიდევ ვიღაც კითხვას სვამს, ეს დემაგოგიაა და მცდელობაა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცნენ. როგორც მახაშვილმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ციფრული არქივების წყალობით მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, საზოგადოება მოატყუონ და იმ ვირტუალური რეალობით, რაშიც ამყოფებდნენ თავის დროზე, იგივე ტყუილებით გამოკვებონ საზოგადოება.